logo
ENG



მე-7 დღეა, კონსულტანტები დღეში 10 კმ-ზე მეტს ფეხით დადიან - ზოომარტის 12-ვე ფილიალი იკეტება

23 აპრ 202014:18
3 წუთის საკითხავი
 
cbs6eefvmlzl8eq.png

26 აპრილიდან კომპანია "ზოომარტის" 12-ვე ფილიალი დაიკეტება, - ამის შესახებ განცხადება კომპანიის Facebook-გვერდზე გავრცელდა. 

განცხადების თანახმად, მაღაზიების დაკეტვის მიზეზი ის არის, რომ კომპანია თანამშრომლების ტრანსპორტით გადაადგილებისთვის ნებართვა ვერ მოიპოვა.

"მე-7 დღეა ჩვენს კონსულტანტებს ყოველდღიურად უწევთ ფეხით 10 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა (აქამდე თითოეული მათგანის ტრანსპორტიერბას ვახდენდით ტაქსებით, სანამ შეიზღუდებოდა.) , რათა ვუზრუნველყოთ ფილიალების ფუნქციონირება. ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან არ მიგვიღია ნებართვა რომ მოვახდინოთ მათი უსაფრთხო, კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირება ფილიალებამდე და სამუშაო დღის ბოლოს უკანა გზაზე, სახლებში.

სამწუხაროდ, ანალოგიური სიტუაციაა ინტერნეტ გაყიდვებთან დაკავშირებით. არ გვეძლევა საშვი რომ განვახორციელოთ შეკვეთების საკურიერო მომსახურება.

გვესმის რომ ქვეყანაში შექმნილია რთული ვითარება, სახელმწიფო დგას უამრავი გამოწვევების წინაშე და ჩვენი პრობლემები შესაძლოა არც თუ ისე პრიორიტეტულია. თუმცა, დამატებითი ბარიერების ფონზე ჩვენთვის ასეთ რეჟიმში შეუძლებელი ხდება ფუნქციონირება და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას ვერ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ. წვიმიან ამინდში ფეხით გადაადგილების გამო რამდენიმე მათგანს უკვე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და დღეიდანვე შესაძლოა რამდენიმე ფილიალი ვერ გაიხსნას.

იმედს ვიტოვებთ რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი სამთავრობო უწყებები: თბილისის მერია / Tbilisi City Hall, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძლებენ და მოგვაქცევენ ყურადღებას რომ ახლო მომავალში კვლავ შევძლოთ თქვენი მომსახურება.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!

p.s რომ არ გახდეს დამატებითი პოლემიკის და დეზინფორმაციის საგანი. გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, კომპანიას არ აქვს არანაირი ფინანსური პრობლემა, არ მომხდარა კადრების ან ხელფასების შემცირება. სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა გადასახადი გადახდილია სრულად და დროულად", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა